вторник, 11 ноября 2008 г.

წყალში გადაყრილი ნახევარი მილიონი



მესამე საჯარო სკოლა შველას ითხოვს. გაზაფხულზე ძლიერმა ქარმა შენობის სახურავი დააზიანა, მისი აღდგენა კი დღემდე ვერ მოხერხდა. ორი წლის წინ "იაკობ გოგებაშვილის" პროგრამის ფარგლებში გარემონტებული. სკოლა ხელახალ რეაბილიტაციას საჭიროებს.
ლანა ჩხეტიანი, დმანისი
ნახევარი მილიონი ლარი, რომელიც 2006 წელს რეაბილიტაციისთვის დაიხარჯა, პრაქტიკულად წყალში გადაყრილი აღმოჩნდა. სკოლის სახურავი პირველად 21 თებერვალს დაზიანდა. მოგვიანებით, 20 მარტს ძლიერი ქარის შედეგად შენობა სახურავის გარეშე დარჩა. გაზაფხულის წვიმებმა შენობა იმდენად დააზიანა, რომ სასწავლო პროცესის ჩატარება შეუძლებელია. მთლიანად ჩამორეცხილია მესამე სართული, რამდენიმე ოთახში ჩამოინგრა თაბაშირ-მუყაოს ჭერი, პარკეტის იატაკი აყრილია, კადლები-ნესტიანი. ძლიერად არის დაზიანებული მეორე სართული, გადარჩენილია მხოლოდ რამდენიმე კაბინეტი. წვიმის წყალმა მეორე სართულზეც ჩაჟონა. გამოუსადეგარი გახდა სამასწავლებლოც, სადაც შესვლაც კი საშიშია თაბაშირ-მუყაოს ჭერი შეიძლება ნებისმიერ დროს ჩამოინგრეს.
2 მაისს სკოლაში გაკვეთილები ჩაიშალა. წვიმის შემდეგ მასწავლებლებმა ბავშვების შენობაში შეყვანა ვერ გაბედეს. სკოლის რემონტი განათლების სამინისტროს მიერ გამოცხადებულ ტენდერში გამარჯვებულმა შპს "ამირანმა" უზრუნველყო. ხელშეკრულებით გათვალისწინებული 494 ათასი ლარიდან 464 ათასი დაიხარჯა. მოგვიანებით, 2007 წელს გათბობის დამონტაჟებისთვის სამინისტრომ 62 ათას 477 ლარი გაიღო. ჯამში 2006-2007 წლებში სკოლის სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის 526 ათას 775 ლარი დაიხარჯა. დმანისის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელი ეკა ოქრიაშვილი აღნიშნავს, რომ "კომისიამ დაზიანებული სკოლა შეისწავლა. ჩატარდა აზომვითი სამუშაოები. ზარალის შესახებ ინფორმაცია არ გვაქვს. ადგილობრივმა კომისიამ დათვალა ახდილი თუნუქის ფურცლები. დაზიანებულია 350 ცალი თუნუქის ფურცელი. სამწუხაროდ, "დეფექტური აქტების"შედგენის პროცესი დროში გაიწელა. ამასობაში წვიმის შედეგად სკოლის შენობა იმდენად დაზიანდა, რომ პრაქტიკულად ხელახალ რეაბილიტაციას საჭიროებს" - სკოლაში შექმნილი მძიმე მდგომარეობით შეშფოთებულია დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი რუსუდან ბეჟუაშვილი. როგორც ის ამბობს, განათლების სამინისტრო არ ენდო ადგილობრივი კომისიის მიერ შედგენილ "დეფექტურ აქტებს" და თავად გამოგზავნა კომისია მომხდარის შესასწავლად. დატალურად აღიწერა როგორც სახურავის, ისე შიდა და გარე დაზიანებები. "ადგილობრივმა გამგეობამ გამოთქვა დახმარების სურვილი, თუმცა განათლების სამინისტროსგან უარი მიიგო" - აღნიშნავს დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი. თუმცა, უარის მიზეზს ვერ აკონკრეტებს და ამბობს, რომ მიზეზი მისთვის უცნობია. დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი განვითარებულ მოვლენებზე პასუხისმგებლობას განათლების სამინისტოს აკისრებს. "პასუხისმგებლობა განათლების სამინისტროს უნდა დაეკისროს. მართალია, რეაგირება იყო, მაგრამ ქმედითი ღონისძიებები არ დაწყებულა. საერთო ჯამში მდგომარეობა ძალიან გაუარესდა."
განათლების სამინისტროში რეაბილიტაციის გაჭიანურების მიზეზად ტენდერს ასახელებენ. განათლების მინისტრის მოადგილის, ალექსი ჩიკვაიძის თქმით, საჭიროა გარკვეული პროცედურების გავლა, რომლის გარეშეც რეაბილიტაციის დაწყება შეუძლებელია. "შესყიდვების სამსახური და იურიდიული სამსახური მუშაობენ იმისთვის, რომ დადგინდეს მიზეზი, თუ რამ გამოიწვია დაზიანება. ეს იყო მხოლოდ სტიქიის შედეგი, თუ ერთვოდა უხარისხოდ შესრულებული სამუშაოები. პარალელურ რეჟიმში ჩვენ დავასრულეთ პროექტის შედგენა. 10 მაისისთვის ვგეგმავთ ტენდერის გამოცხადებას, რასაც პირდაპირ გვავალდებულებს კანონი. მესმის, რომ გაცილებით ადვილია პირდაპირ გავაფორმოთ ხელშეკრულება რომელიმე ფირმასთან და დავიწყოთ რეაბილიტაცია, მაგრამ არსებობს გარკვეული პროცედურული ნორმები. პრობლემის გადაჭრა არ უნდა მოხდეს არაკანონიერი გზით. გამოცხადდება ტენდერი, რის შემდეგაც დადგინდება სარეაბილიტაციო თანხის ოდენობა და დაიწყება აღდგენითი სამუშაოები" - აცხადებს მინისტრის მოადგილე.
აღსანიშნავია, რომ განათლების სამინისტროში არ ფლობდნენ სრულყოფილ ინფორმაციას დაზიანების შესახებ. როგორც ალექსი ჩიკვაიძემ აღნიშნა, მათთვის ცნობილი იყო ინფორმაცია სახურავის დაზიანების შესახებ, თუმცა არ იცოდნენ, რომ შენობის მდგომარეობა გაცილებით მძიმე იყო. ალექსი ჩიკვაიძე უარყოფს ინფორმაციას, რომ განათლების სამინისტრომ უარი უთხრა დმანისის მუნიციპალიტეტს დახმარებაზე, თუმცა პასუხისმგებლობაზე საუბარს გაურბის. "მოდით, ნუ ვისაუბრებთ პასუხისმგებლობაზე, ამით დაზარალებული მოსწავლეები ვერაფერს მოიგებენ. პრობლემა, რომ სკოლა დაზიანდა, დაფიქსირდა. ის, თუ ვინ რა ზომები მიიღო ზარალის შესამცირებლად, უკვე სხვა საკითხია." მინისტრის მოადგილე არ გამორიცხავს შპს "ამირანის" პასუხისმგებლობის საკითხს იმ შემთხვევაში, თუ დადგინდა, რომ სარეაბილიტაციო სამუშაოები ხარისხიანად არ იყო შესრულებული. თუმცა, განათლების სამინისტროსა და შპს "ამირანს" შორის 2006 წლის 15 მაისს დადებულ ხელშეკრულებაში შავით თეთრზე წერია, რომ "მიმწოდებელი (შპს "ამირანი") იძლევა შესრულებული სამუშაოს სტანდარტებისადმი შესაბამისობის გარანტიას 2007 წლის ოქტომბრის ბოლომდე." საგარანტიო ვადის გასვლის შემდეგ ალექსი ჩიკვაიძის განცხადება, რომ შესაძლოა ზარალზე პასუხისმგებლობა შემსრულებელ კომპანიას დაეკისროს, კითხვის ნიშნის ქვეშ დგება.
ტენდერის გამოცხადებამდე კი დმანისის მესამე საჯარო სკოლის შენობაში წვიმს, ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით. ჯერჯერობით გაურკვეველია მოსწავლეთა ბედი. დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის თქმით, თუკი დაიწყება სარეაბილიტაციპო სამოშაოები, სასწავლო პროცესი შენობის პირველ სართულზე აღდგება. მოსწავლეებს ორ ნაკადად მოუწევთ გაკვეთილებზე დასწრება. მაგრამ თუ სამუშაოების დაწყება კვლავ გაჭიანურდება, მესამე სკოლის მოსწავლეთათვის ალტერნატიული ფართი ალბათ, პირველი საჯარო სკოლის შენობა იქნება.

Комментариев нет: